English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 1 ∘ დემურ სიჭინავა
კრიპტოვალუტა - მომავლის საგადასახადო საშუალება

სტატიაში განხილულია ელექტრონული ფულის ნაირსახეობის – კრიპტოვალუტის არსი, აღმოცენების ისტორია, აუცილებლობა, მიზეზები და გამოყენების არსებული მდგომარეობა, გაანალიზებულია მიმდინარე საუკუნის დასაწყისში შექმნილი ინფორმაციის დაცვის, შენახვის და ტრანზაქციის დაჩქარების პერსპექტიული ბლოკჩეინტექნოლოგია, მოცემულია ავტორის მოსაზრებები პერსპექტივაში კრიპტოვალუტის შესაძლო საგადამხდელო საშუალებად აღიარების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის (ბიტკოინის მოპოვებისა და გამომუშავების მეთოდებისა და საშუალებების, კრიპტოვალუტის გადამცვლელი ცენტრების, ბანკომატების, ბირჟებისა და სხვ.), მსოფლიოში კრიპტოვალუტის სამართლებრივი რეგულირების მდგომარეობის, აღნიშნული სფეროს ექსპერტებისა და ცნობილი პიროვნებების შეხედულებების შესახებ და გაკეთებულია სათანადო დასკვნები.

საკვანძო სიტყვები: ელექტრონული ფული, კრიპტოვალუტა, საქართველოში კრიპტოვალუტის მოპოვება, კრიპტოვალუტის მოპოვების მეთოდები, კრიპტოვალუტის გამომუშავების მეთოდები, ბირჟები, კრიპტოვალუტა – საგადამხდელო საშუალება.

კრიპტოვალუტის, როგორც ელექტრონული ფულის წარმოშობისა და მიმოქცევის საკითხები თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერების ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პრობლემის შესწავლას ბოლო პერიოდში მეცნიერებაში მეტ-ნაკლებად სერიოზული ყურადღება მიექცა, იგი ჯერაც მთელი რიგი საიდუმლოებებითა მოცული და სათანადო ყურადღებასა და შესწავლას მოითხოვს.

ელექტრონული ფული ვირტუალური ფულის სახეობაა. იგი ასრულებს ჩვეულებრივი ფულის თითქმის ყველა ფუნქციას. 2018 წელს ელექტრონულ ფულს შეუსრულდა მიმოქცევაში გამოჩენიდან 100 წელი. აშშ-ის სარეზერვო ბანკმა 1918 წელს პირველად გადააგზავნა ფული ტელეგრაფის საშუალებით.

ელექტრონული ფულის თანამედროვე ნაირსახეობაა კრიპტოვალუტა, რომე­ლიც აღმოცენებულია ბლოკჩეინტექნოლოგიის საფუძველზე. კრიპტოვალუტის უმეტესობა აგებულია აღნიშნულ ტექ­ნოლო­გიაზე. იგი  შეიქმნა ინფორმა­ციის უსაფრთხოდ შენახვის, ტრანზაქ­ციების დაჩქარების და შუამავალი რგოლების (ბანკები, ნოტარიუსები, სხვადასხვა საგადამხდელო სისტემა და ა. შ.) გასაუქმე­ბლად. დღეისათვის მისი მართვა არ ხდება მსოფლიოს რომელიმე ერთი ცენტრალური ორგანოს ან კერძო სტრუქ­ტუ­რის მიერ და, ამდენად, ფუნქციონირებს დეცენტრა­ლიზებულად.

კრიპტოვალუტის უპირველესი და ძირითადი სახეობაა ბიტკოინი. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელე­ბული ვერსიის მიხედვით, ბიტკოინის შემქმნელია სატოში ნაკამოტო, რომელმაც 2008 წლის მიწურულს საჯაროდ განაცხადა საკუთარი გამოგონების შესახებ და გამოაქვეყნა ამის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო 2009 წლის 3 იანვრიდან კომპიუტერულ ქსელში ჩაუშვა შესაბამისი სისტემა, რომლის ალგორითმით  გათვალისწინებული იყო 21 მლნ ბიტკოინის ემისია. აღწერილი ალგორითმით ბიტკოინების ემისია გაგრძელდება მანამ, სანამ მოპოვებული ბიტკოინების რაოდენობა არ გახდება 21 მლნ.

ბიტკოინს გააჩნია უმცირესი საგადამხდელო ერთეული - სატოში, რომელიც ბიტკოინის ასმემილიონედი ნაწილია.  სახელწოდება სატოში, როგორც ჩანს, აღნიშნულ ერთეულს დაერქვა სატოში ნაკამოტოს (იგივე კრეიგ რაიტის) სახელის პატივსაცემად.

მიუხედავად კრიპტოვალუტაში ინვესტირების დიდი რისკისა, დღეისათვის მსოფლიოში ინვესტირება აღნიშნულ სფეროში მაინც არ წყდება. 2017 წლის დასაწყისში კრიპტოვალუტის კაპიტალიზაციამ შეადგინა $17.7 მლრდ, ხოლო 2017 წლის 29 დეკემბრისთვის - $592 მლრდ.  ეს  მონაცემები  მიუთითებს  კრიპტოვალუტის დიდ  ვალანტილობაზე.

კრიპტოვალუტაში საერთო კაპიტალიზაცია უდრის მოცემული მომენტისთვის გამოშვებული მონეტების რაოდენობის ნამრავლს ერთი მონეტის ღირებულებაზე. ამ მაჩვენებელს ზოგჯერ „საბაზრო კაპიტალიზაციასაც“ უწოდებენ. 2019 წლის დასაწყისში კრიპტოვალუტების ყველაზე პოპულარული პირველი ათეულის კაპიტალიზაციამ კრიპტოვალუტების საერთო კაპიტალიზაციაში შეადგინა - $111,75 მლრდ, რაც 85,4%-ის ტოლია.

როგორც ნებისმიერი ვალუტის, ასევე კრიპტოვალუტის საგადამხდელო საშუალებად აღიარებისთვის აუცილებელია მისი შექმნისა და ემისიისათვის საჭირო მეთოდების დამუშავება და, რაც მთავარია, მის მიმართ საზოგადოების წევრთა სათანადო ნდობის ჩამოყალიბება.

კრიპტოვალუტის მოპოვების, ანუ მაინინგის მეთოდებია: მისი მოპოვება საკუთარ კომპიუტერზე, ღრუბლოვანი ტექნოლოგია და სხვ., ხოლო მისი გამო­მუშავების მეთოდებია: კრანი, ბირჟაზე კრიპტოვალუტით ვაჭრობა და სხვ.

კრიპტოვალუტის კაპიტალიზაცია ცვალებადობას განიცდის, რაზეც მოქმედებს რიგი ფაქტორი. პირველ რიგში, ესაა კრიპტოვალუტაზე მოთხოვნა - მიწოდების თანაფარდობა, რაზეც, თავის მხრივ, მოქმედებს მრავალი გარემოება. მათ შორის, ერთ-ერთია ღნიშნულ სფეროში ინფორმაციული ფონი. იმის მიხედვით, თუ რომელია ინფორმაციული წყარო და რამდენადაა ინფორმაცია პოზიტიური ან ნეგატიური, კრიპტოვალუტის კურსი მყარდება ან ეცემა. კრიპტოვა­ლუტის კურსზე მოქმედებს ასევე სახელმწიფოს მიერ მისი აღიარება ან უარყოფა  საგადამხდელო საშუალებად.

კრიპტოვალუტის მაინინგი დაიწყო საფრანგეთში, ისლანდიასა და საქართველოში 2014 წელს საკუთარი მოწყობილობების ბაზაზე.

საქართველო მესამე ადგილზეა მსოფლიოში კრიპტოვალუტის მოპოვების მხრივ  ჩინეთისა და აშშ-ის შემდეგ. საქართველოში ფუნქციონირებს კრიპტოვალუტის მონაცემთა ორი მძლავრი ცენტრი  თბილისსა და გორში.  2017 წლის მონაცემებით, გლდანის მონაცემთა ცენტრი - Bitfury, სავარაუდოდ,  16,7  მლრდ ლარს ფლობს.

მსოფლიოში კრიპტოვალუტის საგადამხდელო საშუალებად აღიარების მიზნით აუცილებელია მოხდეს მისი მოპოვების, გამომუშავების და მიმოქცევის რეგულირება როგორც ცალკეული სახელმწიფოების მიხედვით, ასევე მსოფლიო მასშტაბით.

დღეისათვის ელექტრონული ფულის ემისიის შესახებ მსოფლიოში არ არსებობს ერთიანი კანონმდებლობა. კრიპტოვალუტის მიმოქცევა  ამჟამად აკრძალულია მრავალ ქვეყანაში, თუმცა არსებობს ქვეყნები, სადაც, პირიქით, იგი კანონით დაშვებულია. არის ქვეყნები, სადაც იგი არაა აღიარებული, მაგრამ აკრძალულიც არაა, ან კიდევ არც აკრძალულია, არც დაშვებულია და   არც რეგულირდება სახელმწიფოს მიერ. 

მთლიანობაში, კრიპტოვალუტის საგადამხდელო საშუალებად აღიარების დადებით დინამიკაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ დღეისათვის მსოფლიოში შექმნილია და წარმატებით ფუნქციონირებს ასეულობით დეცენტრალიზებული კრიპტობირჟა.

კრიპტოვალუტის გამოყენების არსებული მდგომარეობისა და პერსპექტივების შესახებ ექსპერტთა აზრი ორად იყოფა. ნაწილი ექსპერტებისა (ე.წ. „კრიპტომოყვა­რულები“) ოპტიმისტურადაა განწყობილი კრიპტოვალუტის მიმართ, ნაწილი კი (ე.წ. „კრიპტოკრიტიკოსები“)  - პესიმისტურად.

პერსპექტივაში, კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის ბედი დამოკიდებული იქნება არამარტო ტექნოლოგიურ პროგრესზე მსოფლიო მასშტაბით, არამედ ცალკეულ ქვეყა­ნაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და ასევე საერთაშორისო ურთიერთო­ბათა განვითარების დონეზე, პოლიტიკურ და სამართლებლივ ბარიერებზე აღნიშნულ სფეროში და სხვ.

ამრიგად, კრიპტოვალუტის, როგორც გაცვლის პროცესის განვითარების პროდუქტის, დანერგვისათვის თანამედროვე ცივილიზებულ მსოფლიოში, უკვე შექმნილია თითქმის ყველა წანამძღვარი: კრიპტოვალუტის ბირჟები, კრიპტოვალუტის გადამცვლელი პუქტები, კრიპტოვალუტის ბანკომატები და სხვ. როგორც ფაქტები მოწმობს, პერსპექტივაში, სავარაუდოდ, კრიპტოვალუტა, შესაძლოა, აღიარებულ იქნეს თავისუფალ საგადამხდელო საშუალებად რიგ მაღალგანვითარებულ ქვეყანაში ან კიდევ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რაც გრანდიოზულ ცვლილებებს გამოიწვევს კაცობრიობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში.

საწყის ეტაპზე ეს პროცესი უდავოდ წააწყდება არაერთ სიძნელეს, მაგრამ დროთა განმავლობაში, სავარაუდოდ, ის თანდათანობით დაიხვეწება და მნიშვნელოვანწილად გააუმჯობესებს საერთოდ განაწილებით და გაცვლით ურთიერთობათა რთულ პროცესებს როგორც ცალკეულ ქვეყანაში, ასევე მთლიანად მსოფლიო მასშტაბით, რითაც ხელს შეუწყობს მსოფლიო ეკონომიკის შემდგომ წინსვლასა და განვითარებას.